აგენტების კანონის პროტესტის გამო ტაბულასა და პუბლიკის ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს

ტაბულა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აგენტების კანონის წინააღმდეგ "აქციის მოწყობის" გამო პარლამენტმა ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. მათ შორისაა ტაბულას რედაქტორი, ცისია კირვალიძე, პუბლიკის ჟურნალისტები, ნათია ამირანაშვილი, ნათია ლევარაშვილი და ქეთი გოგუაძე.

განახლება: პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორსა და პუბლიკის 2 ჟურნალისტს აკრედიტაცია აღუდგინა

"პარლამენტმა გუშინწინ აღებული აკრედიტაცია შემიჩერა "აქციის მოწყობის" გამო. ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ იმ აქციაზე, რომელზეც ლაპარაკობენ, გასაშუქებლად ვიყავი, არც ახალი მოგონილი "წესები" დამირღვევია, არც არავის გავკიდებივარ. ამისთვის დაგვირიგეს აკრედიტაციები – მერე, როცა მოუნდებათ, 1 თვით რომ აღარ შეგვიშვან პარლამენტში". – წერს კირვალიძე.

2 მარტს ტაბულას რედაქტორი პარლამენტში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტების ნაწილი ასევე აპროტესტებდა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე აგენტების შესახებ კანონის განხილვასაც.

1 მარტიდან პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი სისტემა ამოქმედდა. ახალი წესის თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, მითითებულია შემდეგი:

  • ჟურნალისტი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.
  • გარდა ამისა, ახალი წესის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი "ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან" გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება "სპეციფიკური" ან როგორ განისაზღვრება "უსაფრთხოების რეჟიმი". ამ და სხვა წესების დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთი თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვით.

კომენტარები