რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ანკარა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე მუშაობს – ჩავუშოღლუ

მევლუთ ჩავუშოღლუ
OLIVIER DOULIERY

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა გაეროსთან თანამშრომლობით უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების გაგრძელებაზე მუშაობს.  

უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ ხელი 22 ივლისს მოაწერეს. ნოემბერში მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. თუ მისი განახლება არ მოხდება, დოკუმენტი 18 მარტიდან ძალას დაკარგავს. 

"ჩვენ ვმუშაობთ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეუფერხებლად გაგრძელებაზე". - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთი იუწყება, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ხელშეკრულების გაგრძელებას, თუ რუსეთის სოფლის მეურნეობის მეწარმეთა ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება. 


ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს. 

შეთანხმების შედეგად, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გადატანას შეძლებდა.

კომენტარები