ტაივანი-აშშ

ჩინეთის ზეწოლის ფონზე, ტაივანის არმია 619 მილიონი დოლარის ამერიკულ იარაღს მიიღებს

აშშ-მ ტაივანისთვის $619 მილიონის ღირებულების შეიარაღების პოტენციური შესყიდვის შეთანხმება დაამტკიცა. პაკეტი მოიცავს სამხედრო თვითმფრინავი F-16-ის  რაკეტებსაც. შეთანხმება ჩინეთის საჰაერო ძალების მიერ ტაივანის საჰაერო სივრცის რეგულარული დარღვევების ფონზე ხდება.

შეიარაღების გაყიდვის შეთანხმება, სავარაუდოდ, ვაშინგტონისა და პეკინის უკვე დაძაბულ ურთიერთობას გააუარესებს.

როგორც პენტაგონში ამბობენ, შეთანხმება მოიცავს 200 ჰაერსაწინააღმდეგო თანამედროვე საშუალო მანძილის ჰაერი-ჰაერის რაკეტებს, ანუ AMRAAM-ებსა და 100 ერთეულ AGM-88 HARM-ის ტიპის რაკეტას, რომელსაც ხმელეთზე განთავსებული რადარების სადგურების განადგურება შეუძლია.

პენტაგონში ასევე ამბობენ, რომ ეს შეიარაღება ტაივანს საკუთარი საჰაერო სივრცის უკეთესად დაცვაში დაეხმარება.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები “ეფექტიანად დაიცავს საჰაერო სივრცეს კომუნისტური არმიის საფრთხეებისა და პროვოკაციების წინააღმდეგ" და გააძლიერებს თავდაცვას.

კომენტარები