რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Reuters: აშშ-ს უკრაინის გამო ჩინეთის შესაძლო სანქცირებისთვის ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება სურს

PRI

მედიასააგენტო Reuters-ი ოთხ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახლო მოკავშირეებს ჩინეთის შესაძლო სანქცირებაზე ესაუბრება, თუ პეკინი რუსეთს უკრაინის ომის პარალელურად სამხედრო დახმარებას გაუწევს.

როგორც Reuters-ი წერს, კონსულტაციები, რომლებიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მიზნად ისახავს რიგი ქვეყნების, პირველ რიგში კი დიდი შვიდეულის (G7) წევრების კოორდინირებული მხარდაჭერის მოპოვებას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის იქნება შესაძლო სანქციები. საუბრები, რომლებიც მედიასააგენტოს ცნობით მიმდინარეობს, ჯერაც არ გასაჯაროებულა. აშშ-ს სახელმწიფო სახაზინოში კომენტარზე უარს ამბობენ.

გასულ კვირებში აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის შეიარაღებით დახმარებას განიხილავდა, რასაც პეკინი უარყოფს. ამის თაობაზე აშშ-მ ჩინეთი პირდაპირაც გააფრთხილა, პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და სი ძინფინგის შეხვედრის, ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და მისი ჩინელი კოლეგის, ვანგ იის შეხვედრის დროს.

წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის რუსეთისთვის დახმარების საწინააღმდეგოდ დიპლომატიურ დონეზე არაფორმალურ საუბრებს მართავს.

მათივე თქმით, მაღალჩინოსნები ამზადებენ საფუძველს პეკინის წინააღმდეგ პოტენციური ქმედებისთვის იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ყველაზე მეტად უჭერდნენ მხარს. 

კომენტარები