მიხეილ სააკაშვილი

Amnesty International, HRW: სააკაშვილისთვის საჭირო მკურნალობაზე უარი შესაძლოა წამებას უტოლდებოდეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები: Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის საფუძველზე გაათავისუფლონ.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ უპასუხია მათ მიერ 2023 წლის 10 თებერვალს გაგზავნილი წერილისთვის, რომელშიც სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოხატული იყო შეშფოთება. 

ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველოს მთავრობა ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს შესაბამის მკურნალობაზე უარს ეუბნება და სიკვდილის, სამუდამო უნარშეზღუდვის ან გამოუსწორებელი ზიანის საფრთხეს უქმნის.

"საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა, შესაძლოა, წამებას, ან დაუნდობელ, არაადამიანურ, ან დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდეს და მის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებდეს. პატიმრობაში სიკვდილი, რომელიც მკურნალობაში განზრახ უარის თქმის შედეგია, უტოლდება სიცოცხლის თვითნებურ წართმევას, რაც ადამიანის საერთაშორისო უფლებების სერიოზული დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მისი სამედიცინო მიზეზით გათავისუფლების ჩათვლით". – თქვა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფიცრის დირექტორის მოადგილემ.

"პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, როცა განკურნებადი მდგომარეობა ტრაგიკულად მომაკვდინებელი ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ეს ასპექტი უფრო ჰუმანური უნდა გახადოს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ ეს უნდა დაიწყონ ისეთი საშუალების მიწოდებით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ სამედიცინო დახმარებასა და, სადაც საჭიროა, გაითვალისწინებს პატიმრობიდან ყველას გათავისუფლებას, ვიზეც ჩაითვლება, რომ პატიმრობაში ყოფნას საკუთარი ჯანმრთელობის გამო ვეღარ შეძლებს". – თქვა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

კომენტარები