სახალხო დამცველი

პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

ლევან იოსელიანი

პარტია მოქალაქეები სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრiფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ იოსელიანს აქვს რესურსი, მოიპოვოს 90 დეპუტატის მხარდაჭერა. 

"ვერცერთი პარტია კანდიდატის დამოუკიდებლად გაყვანას ვერ შეძლებს. პირველი მცდელობა ჩავარდა, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. ლევან იოსელიანის გარშემო შესაძლებელია კონსენსუსი, მას აქვს იმის ცოდნა და შესაძლებლობა, რომ 90 ხმა და უფრო მეტი მიიღოს. კონსულტაცია გვქონდა მმართველ გუნდთან და ოპოზიციასთან. ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი და დაკავებული იყო ადამიანის უფლებების დაცვით".- თქვა ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

2022 წლის 22 დეკემბერს, პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის 19 კანდიდატიდან ვერცერთი ვერ აირჩია. კანდიდატის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5, იგივე 90 დეპუტატი სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 90 ადგილი პარლამენტში არცერთ პარტიას არ უკავია, სახალხო დამცველის დამტკიცებას როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ხმები სჭირდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძის, ნაზი ჯანეზაშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს. მათ მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. ჯამში პარლამენტში ომბუდსმენობის 19 მსურველის განაცხადი შევიდა, საბოლოოდ პარლამენტს რვა მათგანზე (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია) უნდა ემსჯელა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ 5 კანდიდატიდან შესთავაზა, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძეა და არც ანა აბაშიძე. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს მომავალი ომბუდსმენი ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის შეარჩიოს.

კომენტარები