რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ჩინეთის "სამშვიდობო გეგმა" აგრესორს მსხვერპლისგან არ განასხვავებს

Reuters

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ჩინეთის შემოთავაზებები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ არ არის "სამშვიდობო გეგმა" და აგრესორსა და მსხვერპლს ათანაბრებს.

"ეს ნამდვილად არ არის სამშვიდობო გეგმა და ძირითადად იმეორებს კარგად ცნობილ ჩინურ პოზიციებს, რომელთაგან ზოგს ჩვენ ვიზიარებთ, ხოლო მნიშვნელოვანი მათგანი არაა მოცემული. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაანალიზებთ მას, მაგრამ  უკვე ნათელია, რომ მთავარი პრობლემა ის არის, რომ იგი ნამდვილად არ განასხვავებს აგრესორს მსხვერპლისგან, მხარეებს თანაბარ დონეზე აყენებს".  - წერს ბორელი.

მანვე დასძინა, რომ აუცილებელია მშვიდობის მიღწევა გაეროს გენერალური ასამბლეის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას.

კომენტარები