შვილზე ძალადობა

შვილზე ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს – მცირეწლოვანი კლინიკაში მკურნალობს

გურჯაანში 2 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. მცირეწლოვანი კლინიკაში მკურნალობს. 

გუშინ, 23 თებერვალს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვს სხეულზე, სხვა დაზიანებებთან ერთად, დამწვრობის კვალიც აქვს. ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს ბებიამ შეატყობინა.  

"დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე და დამწვარი არის ფეხთან, მუცელზე, ხელებზე... ხელები გასიებული ჰქონდა, სულ შავი ჰქონდა თვალი". - ამბობს ბებია რუსთავი 2-თან. 

მცირეწლოვანი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.  

"აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა. აქვს დამწვრობის მიდამოები მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არეში". - ამბობს ექიმი, გელა ორველაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის მამა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  

განახლება - მამის დაკავების შესახებ შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.თ. შსს-ს ინფორმაციით, ძალადობისას მცირეწლოვანმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. 

კომენტარები