რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერმინისტრის შემდეგ, უკრაინაში უკვე ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესიც ჩავიდა. 

პრემიერმინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სანჩესს კიევში დახვდნენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უკრაინის ელჩი მადრიდში და ესპანეთის ელჩი უკრაინაში.

22 თებერვალს, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა ესპანეთის პარლამენტში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მადრიდი უკრაინას მარტის ბოლოსკენ ლეოპარდის ტიპის 6 ტანკს გადასცემდა.

20 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უკრაინას ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. დახმარებაში შევა ჭურვები, HIMARS-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სადაზვერვო რადარები.

ასევე, 21 თებერვალს უკრაინას იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას მელონიმ დააანონსა, რომ უკრაინა იტალიისგან დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებდა, გარდა SAMP/T-MAMBA სისტემებისა, რომლის გადაცემასაც საფრანგეთთან ერთად გეგმავს.

კომენტარები