რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისრაელის პრემიერმინისტრი უახლოეს მომავალში შესაძლოა კიევს ეწვიოს

ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში შესაძლოა კიევს ეწვიოს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ინფორმაციას Israel Hayom ავრცელებს.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ საკითხი განიხილება, თუმცა პრემიერმინისტრის აპარატმა ამ საკითხზე კომენტარისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

ისრაელის პრემიერმინისტრს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ფრთხილი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ თანამდებობის ხელახლა დაკავების შემდეგ მან ომით დაზარალებულ ქვეყანას მეტი მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეტიც, პრემიერმინისტრმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ისრაელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განიხილავს. გასულ კვირას ნეთანიაჰუმ კიევში საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის ვიზიტი დაამტკიცა, თუმცა კონკრეტულად როდის ეწვევა საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს, ჯერჯერობით უცნობია.

იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია, ოფიციალური პირები თვლიან, რომ ამ ვითარებაში ნეთანიაჰუს კიევში ჩასვლა მოსკოვში აჟიოტაჟის გამოწვევის გარეშე შეუძლია.

20 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დედაქალაქს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ოფიციალური პირების შეფასებით, ნეთანიაჰუმ, მისი საერთაშორისო სტატუსის გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტს უნდა მიბაძოს.

ამასთან, 20 თებერვალს, ქნესეთის დეპუტატები, ზეევ ელკინი და იული ედელშტეინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პარლამენტში ისრაელ-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ.

ერთ საათიან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისადმი ისრაელის გაზრდილ დახმარებასა და ირანის წინააღმდეგ ისრაელ-უკრაინის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ კომენტარში ზეევმა და ელკინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როგორც დასავლური ერი, რომელიც კარგად იცნობს “უსამართლო აგრესიისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უწყვეტი დაბომბვისგან დაცვის მნიშვნელობას”, ისრაელი განზე არ უნდა გადგეს და უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

აქამდე  იერუსალიმი კიევისთვის  იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებისგან რუსეთთან კონფლიქტის გამოწვევის შიშით თავს იკავებს. ამის ნაცვლად, ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარება აირჩია და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყების შემდეგ საველე ჰოსპიტალი გახსნა.

კომენტარები