პრიგოჟინი მომატებულ სიკვდილიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟონმა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების სურათი გამოაქვეყნა და მომატებულ სიკვდილიანობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა. იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ვაგნერის ჯარისკაცებს საბრძოლო მასალას საკმარისად არ აწვდის, პრიგოჟინმა აქამდეც ისაუბრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ევგენი პრიგოჟინის ბრალდება უარყო.

“ყველა განცხადება, რომელიც თავდასხმის ქვედანაყოფებმა საბრძოლო მასალის დეფიციტთან დაკავშირებით გააკეთეს, საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს”- თქვა სამინისტრომ პრიგოჟინის და ვაგნერის დასახელების გარეშე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაქირავებული ჯგუფების შეიარაღების აღწერისას ჩამოთვალა, რომ 18 თებერვლიდან ქვედანაყოფებს 1 660 რაკეტა, 10 171 საარტილერიო და 980 სატანკო ჭურვი მიაწოდა.

პრიგოჟინს, რომელმაც დააარსა ვაგნერი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან  წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირები ჰქონდა, მაგრამ უკრაინის ომმა დაქირავებულებსა და რეგულარულ არმიას შორის მზარდი მეტოქეობა გამოიწვია.

ისეთი დაქირავებული ჯგუფები, როგორიცაა ვაგნერი, რუსეთში არალეგალურია, მაგრამ პრიგოჟინმა არა მხოლოდ დაარეგისტრირა ის, როგორც კომპანია, არამედ იგი გასულ წელს რუსეთის ციხეებთან გადაიღეს, როდესაც პატიმრებს ომისთვის ღიად ამზადებდა.

ამასთან, პრიგოჟინი ჩიოდა, რომ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა არამარტო საბრძოლო მასალის გაგზავნას შეუშალეს ხელი, არამედ დაქირავებულებს არც საჰაერო ტრანსპორტით დაეხმარნენ. პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი მებრძოლების აღჭურვისთვის ამგვარი წინააღმდეგობის გაწევა ღალატად ითვლება.

"როგორც ამბობენ, მძ**ერი დუღს, სისხლი დუღს, მაგრამ საბრძოლო მასალების საკითხი, რომელიც მე წამოვჭერი, აბსოლუტურად გადაუჭრელი რჩება. და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა... მეტიც, ვიცი საბრძოლო მასალის შესანახი პუნქტები, ვიცი პარტიების ნომრები, ყუთების ნომრები. მე კარგად მესმის სად და რა არის და ვიცი, რომ ეს საბრძოლო მასალები იქ არის. ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებ, მიუხედავად ჩემი ნაცნობობისა, კავშირებისა…" - ამბობს პრიგოჟინი. 

კომენტარები