თბილისის მერია

მოქალაქეები ავარიებით გამოწვეულ საცობებზე ცნობებს სატრანსტორტოს FACEBOOK-იდან მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეები ავტოსაგზაო შემთხვევებისგან გამოწვეული საცობების შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტის და ურბანული განვითარების საგენტოს გვერდიდან მიიღებენ. 

მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება შესაბამისი ინფორმაცია. 

"ქალაქში ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ქუჩებზე გვაქვს საცობები და მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს მას. ჩვენ ყოველწუთიერად, მთელი ქალაქის მასშტაბით ვაკვირდებით მოძრაობას, ავტომობილების გადაადგილებას. ასევე, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც შეფერხებებს იწვევს, რომელსაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება. რამდენიმე დღის წინ პეკინის გამზირზე იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია. მძღოლებს და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია მოძრაობის შეფერხებისა და საცობის მიზეზზე. ამისთვის კარგი იქნება საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რა ხდება ქალაქში, სადაა  გადაადგილების პრობლემა, საგზაო შემთხვევა. ამიტომ, facebook-ში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე, ყოველდღიურად განთავსდება ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ იცოდეს, სად არის ავტოშეჯახება, რომელიც საცობს და მოძრაობის შეფერხებას იწვევს".- თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

 

კომენტარები