რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ომის წაგების შემთხვევაში რუსეთს დაშლიან და ის არსებობას შეწყვეტს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ომის წაგების შემთხვევაში რუსეთს დაშლიან და ის არსებობას შეწყვეტს. ამის შესახებ მედვედევი Telegram-ის პირად არხზე წერს.

"ყველა გონივრული ძალისთვის ცხადია, რომ თუ აშშ-ს რუსეთის დამარცხება სურს, მაშინ ჩვენ მსოფლიო კონფლიქტის ზღვარზე ვართ. თუ აშშ-ს რუსეთის დამარცხება სურს, მაშინ ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ საკუთარი თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის, ბირთვული იარაღით. თუ რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შეაჩერებს და გამარჯვებას ვერ მიაღწევს – რუსეთი აღარ იქნება, მას ნაწილებად დაშლიან. თუ აშშ კიევის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს, ომი დასრულდება". - წერს მედვედევი.

ამასთან, მედვედევმა ბაიდენის სიტყვებს, რომ აშშ-ს რუსეთთან ომის განზრახვა არ აქვს და თავდასხმას არ აპირებს "არაგულწრფელი და უმნიშვნელო" უწოდა. გარდა ამისა, ბაიდენზე საუბრისას, მედვედევმა გამოიყენა ფრაზები – "სიბერით გამოწვეული დემენცია" და "უცნაური და დაბნეული მოხუცი კაცი, რომელიც პოლონეთიდან საუბრობს".

მედვედევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ არის "მტრული სახელმწიფო, რომელიც რუსეთის მიმართ სიძულვილს ასხივებს".

კომენტარები