მიხეილ სააკაშვილი

ვივამედი სააკაშვილზე: დასუსტებულია ძალიან, სულ საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, განიცდის

კლინიკა ვივამედში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგი გაიმართა. როგორც კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, ექიმები სააკაშვილის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაქსიმუმს აკეთებენ. 

ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს, თუმცა მისი მდგომარეობის გაუარესებას ნაწილობრივ პაციენტს აკისრებს. 

"მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან. ეს არის, პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე. მე შემიძლია თამამად გითხრათ ჩვენი კლინიკისა და პერსონალის სახელით, რომ ჩვენი ექიმები თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ და როგორც გითხარით, თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება აქვს შეთავაზებული. მაგრამ არის მეორე მხარე, თანხვედრა მიზნების, რა მიზნებიც გააჩნია სამედიცინო მხარეს, იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა ეს მაჩვენებლები და ეს რა თქმა უნდა გარკვეულწილად დამოკიდებული არის, რამდენად მიღწევადია ეს, თუ რას ვაღწევთ ჩვენ, პაციენტზეც. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება"- ამბობს ჩხაიძე. 

სააკაშვილის მკურნალი ექიმის, თამარ დავარაშვილის თქმით, ტენდენცია დამძიმებისკენ არის და ექსპრეზიდენტი დასუსტებულია. 

"შეიძლება ვთქვათ, რომ ტენდენცია არის დამძიმებისკენ იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება დაქვეითებული. 20 რიცხვისთვის წონა იყო 67. 2 კილოგრამი და მასის ინდექსი იყო 18.2. გამოხატული არის ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან, საერთოდ საწოლშია პაციენტი, მწოლიარეა, აქვს და როგორ აღვნიშნე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება, გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყო ჩვენთან".- თქვა ექიმმა მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნავს, რომ ის რეკომენდაციებს ითვალისწინებს. 

ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე ამბობს, რომ სააკაშვილს ფსიქოემოციურ ფონზე დაუქვეითდა მადა, "რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით". მისი თქმით, პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 

"შესაბამისად, ლოგიკურია, გვაქვს წონის კლების ესეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა დღეში, რაც გამოდის მის მიერ მიღებული ათვისებული საკვებისა. მისთვის აუცილებელია მინიმუმ 1 700 მაინც, მინიმუმ 1 700 მზარდი ტენდენციით. შეთავაზებულ იქნა,თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას".- ამბობს ექიმი. 

კომენტარები