ქართული ოცნება

ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად ოცნებამ გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას შვილი წარადგინა

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხახუბია იქნება. შუალედური არჩევნები 29 აპრილს ჩატარდება. 

"გიორგი არის ჩვენი კოლეგის, ირაკლი ხახუბიას შვილი. ირაკლის სახელი და მის მიერ ფოთში, ხობსა და სენაკში შექმნილი ავტორიტეტი დაეხმარება გიორგის არჩევნებში გამარჯვებაში. ამასთან ერთად, გიორგი თავადაც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, განათლებითა და პროფესიული გამოცდილებით, რომელთა გამოც, პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ის უპირობოდ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნია.

გიორგის მიღებული აქვს განათლება კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს ის იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი და მოგვიანებით, ამავე კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე. გარდა ამისა, გიორგი წლების მანძილზე წარმატებით ეწეოდა კერძო სამეწარმეო საქმიანობას. გასულ წლებში გიორგი ფოთში, ხობსა და სენაკში აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების საარჩევნო შტაბების და პარტიული ორგანოზაციების მუშაობაში. წარმატებას ვუსურვებთ გიორგი ხახუბიას, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში" - თქვა კობახიძემ.

ფოთის, ხობის და სენაკი მაჟორიტარის გარეშე 4 თვის წინ დარჩა. 2022 წლის 27 ოქტომბერს 51 წლის ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


2017 წლის 16 მაისს ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. გორთან დიდი სიჩქარით მოძრავი ბექა ხახუბია პოლიციის მოთხოვნას შესახებ არ დაემორჩილა და გზა განაგრძო, შემდეგ მოტრიალდა და თბილისისკენ დაიძრა. ბექა ხახუბია გორის გვირაბთან ტრაილერს დაეჯახა, რომელიც დაღუპულის ოჯახის მტკიცებით, პოლიციამ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენა.

"ჩემი შვილის დაღუპვის მიზეზი გახდა დღეს უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედება - მათ გზის გადაკეტვის მიზნით გამოიყენეს სატვირთო ტრაილერი, რომელსაც არც კანონი უშვებს და არც გონივრული ზომების ფარგლებში ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ დაუტოვეს 21 წლის ბექას" - წერდა დეპუტატი.

პროკურატურამ სამ პოლიციელს ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. სასამართლომ საპატრულო პოლიციის ათმეთაური ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორს პატიმრობა შეეფარდა - ზურაბ რუსიშვილს – 1.5 წლით, გია სადაღაშვილს კი – 2.5 წლით.

კომენტარები