მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში დაღუპული იპოვეს

Sky News

თურქეთში, კლუბ ჰატაისპორტის ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში დაღუპული იპოვეს.

31 წლის განელ ფეხბურთელს 6 თებერვლიდან ეძებდნენ. 8 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატსუ ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია კლუბმა და ოჯახის წევრებმა არ დაადასტურეს. 

კრისტიან ატცუ განელი შემტევი ნახევარმცველია, რომელმაც საკლუბო კარიერა 2011 წელს პორტოში დაიწყო. თამაშობდა ჩელსიში, ევერტონში, ნიუკასლში. 2022 წლიდან იცავდა ჰატაისპორტის ღირსებას. 2012-2019 წლებში განას ნაკრების მაისურით ჩაატარა 65 შეხვედრა, რომელშიც გაიტანა 9 გოლი. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო. ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობა 41 000-ს აჭარბებს.

კომენტარები