ესპანეთი

ესპანეთში ქალები მენსტრუალური ტკივილებისას არასამუშაო დღეებით სარგებლობას შეძლებენ

16 თებერვალს ესპანეთის პარლამენტმა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების მიმართულებით ახალი კანონები მიიღო, რომლებიც ტრანსგენდერებისთვის გენდერის სამართლებრივად აღიარების პროცესს გაამარტივებს, აბორტს მეტად ხელმისაწვდომს გახდის და ქალებს, რომლებსაც მენსტრუალური ტკივილები აწუხებთ, არასამუშაო დღეებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

ახალი კანონით ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც მენსტრუაციის პერიოდში ქალებს თვეში სამი არასამუშაო დღით სარგებლობის უფლება აქვთ, ხოლო ტკივილების შემთხვევაში, მისი გახანგრძლივება ხუთ დღემდეა შესაძლებელი. არასამუშაო დღეები მთავრობის მხრიდან ანაზღაურებული იქნება. 

ესპანეთის თანასწორობის მინისტრის, ირენე მონტეროს თქმით, ამ უფლებების გარეშე ქალები სრულუფლებიანი მოქალაქეები ვერ იქნებიან. 

რეფორმის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი მენსტრუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს და გენდერული თანასწორობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ქალებისთვის არასამუშაო დღეების გამოყოფა გენდერულ სტერეოტიპებს მეტად გაამძაფრებს და დასაქმებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. 

ამასთან, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერული იდენტობის შესაბამისად სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას მხოლოდ განაცხადის საფუძველზე სთავაზობს. კანონს მხარი დაუჭირა 191-მა პარლამენტარმა. წინააღმდეგი იყო 60, ხოლო 91-მა ხმის მიცემაზე უარი თქვა.

კანონების მიღებას ესპანეთში ხმამაღალი დაპირისპირება და დიდი უთანხმოება მოჰყვა. 

კომენტარები