მინსკის შეთანხმება

პუტინის ყოფილი თანაშემწის თქმით, მინსკი-2-ზე მუშაობისას მის შესრულებას არ აპირებდნენ

ვლადისლავ სურკოვი და ვლადიმირ პუტინი
GettyImages

ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც 2013-2020 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იყო, პოლიტიკური კონიუქტურის ცენტრის დირექტორთან, ალექსეი ჩესნაკოვთან საუბარში თქვა, რომ მინსკის პროტოკოლ სამშვიდობო შეთანხმების პროცესში მის შესრულებას არ აპირებდნენ.

ჩესნაკოვმა მოკლე ინტერვიუ, რომელშიც სურკოვი მას ლაკონიურად პასუხობს, საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.

ჩესნაკოვი: მინსკის შეთანხმებებზე მუშაობისას, გამომდინარეობდით თუ არა, რომ ისინი უნდა შესრულებულიყო?

სურკოვი: არა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთმა დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ "უკრაინას, ბერლინსა და პარიზს პასუხისმგებლობის რეალიზაცია" დაეწყოთ. მისი თქმით, იმაზე თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა სურკოვი, თავად მასთან უნდა დააზუსტონ.

მინსკის პირველი შეთანხმება, რომელსაც დონბასში ომი უნდა დაესრულებინა, პირველად 2014 წელს გაფორმდა, სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფს შორის. ჯგუფში შედიოდა რუსეთი, უკრაინა და ეუთო. შეთანხმებას მოჰყვა ნორმანდიის ფორმატის კონსულტაციები, უკრაინას, რუსეთს, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. შეთანხმებები არაეფექტიანი გამოდგა და ბრძოლები ვერ შეაჩერა. 2015 წლის თებერვალში საჭირო გახდა მისი ხელახალი გაფორმება, რასაც მინსკი-2-ს უწოდებენ, თუმცა ეფექტიანი არც ეს ვერსია იყო.

მინსკის შეთანხმების მიხედვით შეიქმნა რუხი ზონა კონფლიქტის მხარეებს შორის და განისაზღვრა თუ რა იარაღის ტიპების განლაგებაა შესაძლებელი ამ ზონის მახლობლად. გაფორმების შემდეგ პროტოკოლი მრავალჯერ დაირღვა და მის მეშვეობით ვერც კონფლიქტი შეჩერდა. შეთანხმება საბოლოოდ რუსეთის უკრაინაში 2022 წლის შეჭრით დასრულდა.

2022 წლის დეკემბერში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებამ უკრაინას "ძვირფასი დრო" მისცა, რომ გაძლიერებულიყო. მისი თქმით, 2014-2015 წლების და დღევანდელი უკრაინა ერთი და იგივე არაა.

ამ წლის თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მინსკის შეთანხმება გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინის ხარჯზე დასავლეთს რუსეთის მადის დაკმაყოფილება სურდა.

რუსეთი აქამდე უკრაინას აბრალებდა, რომ უკრაინა მინსკის შეთანხმების პირობების ერთგული არ რჩებოდა.

კომენტარები