რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკების საბრძოლო მასალას გადასცემს

ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტიპის ტანკების საბრძოლო მასალას და სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლლონგრენი ადასტურებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ტანკების მიწოდებას აზრი არ აქვს. ჩვენ უნდა მივაწოდოთ [უკრაინას] სრული პაკეტი. უკრაინელი სამხედროების წვრთნებთან ერთად, საჭიროა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები. სატანკო კოალიციაში ნიდერლანდები ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს საკუთარი Leopard-2-ები, თუმცა, ჩვენ უკრაინას ვთავაზობთ წვრთმებში მონაწილეობას, ასევე საბრძოლო მასალას და სათადარიგო ნაწილებს. ერთად შეგვიძლია უკრაინას გადავცეთ ის, რაც სჭირდება". - თქვა მინისტრმა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა De Telegraaf წერს, ნიდერლანდების ხელისუფლება თითქმის არასდროს ასაჯაროებს ინფორმაციას უკრაინის არმიისთვის გაწეული დახმარების რაოდენობის შესახებ. თუმცა, გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ნიდერლანდები უკრაინას 20 000 ჭურვს გადასცემს. ამ განცხადების შემდეგ ინფორმაცია გამოცემას ოლლონგრენმაც დაუდასტურა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამად ნიდერლანდების სამხედრო შემადგენლობაში გერმანიისგან იჯარით აღებული 18 Leopard-2-ის ტიპის ტანკი შედის. ოლოგრენის თქმით, ტანკების უკრაინისთვის გადაცემა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მომავალში გამორიცხული არ არის.

"არ არის გამორიცხული, რომ იჯარით აღებული ტანკები მოგვიანებით მაინც წავიდეს უკრაინაში. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, ამ დროისთვის მიწოდება არ იგეგმება". - თქვა ოლლონგრენმა.

კომენტარები