ევროპარლამენტი

"საბედნიეროდ, ვითარებამ მშვიდობიანად ჩაიარა" – მეცოლა ევროპარლამენტში მომხდარ ინციდენტზე

AP

15 თებერვალს ევროპარლამენტში ქურთი აქტივისტები შეიჭრნენ, რომლებიც დაკავებული პოლიტიკოსის, აბდულა ოჯალანის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

ინციდენტის გამო სესია გადაიდო და უსაფრთხოების სამსახურმა სხდომათა დარბაზიდან დეპუტატების ევაკუაცია მოახდინა. 

სოციალურ მედიაში შემთხვევის ამსახველი კადრები ვრცელდება. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"დღეს დილით ადგილი ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინციდენტს, რამაც მცირე ხნით სესიის შეწყვეტა გამოიწვია. რამდენიმე პირმა შენობაში, როგორც ვიზიტორმა შემოაღწია. მათ აქცია გამართეს და უარს ამბობდნენ შენობის დატოვებაზე. არსებობდა საშიშროება იმისა, რომ პროტესტის ნიშნად ისინი თვითდაზიანებას მიმართავდნენ, თუმცა საბედნიეროდ ვითარებამ მშვიდობიანად ჩაიარა. შედეგად დაშავებული არავინაა და აქციებმა პარლამენტის მიღმა გადაინაცვლა". - თქვა სხდომაზე რობერტა მეცოლამ და დაცვის წევრებსა და კოლეგებს ოპერატიული მუშაობისთვისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. 

რობერტა მეცოლას თქმით, ევროპარლამენტი მხარს უჭერს თვითგამოხატვის ღიაობასა და პროტესტის უფლებას, თუმცა აქტივისტებმა გარკვეული უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვან და პატივისცემა გამოიჩინონ. 

კომენტარები