ოთარ ფარცხალაძე

რას ჰპირდება საქართველოში ოთარ ფარცხალაძის რუსული კომპანია უცხოელ ინვესტორებს?

რუსეთის სახელმწიფო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ 2022 წლის 15 თებერვალს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ დაარეგისტრირა. კომპანიას სამი მფლობელი ყავს, აქედან ყველაზე მსხვილი აქციონერი, 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ამავე რეესტრიდან ვიგებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა.

2022 წლის 15 თებერვალს ის უკვე რუსეთის მოქალაქედ არის მითითებული, აქედან 2 თვეში, 2022 წლის 21 აპრილს ფარცხალაძე კომპანიას შპს ჯიპიეს კონსალტინგს აფუძნებს. ამ კომპანიის დოკუმენტაციას ფირცხალაძე ქართული პირადი ნომრით აფორმებს და არსად ჩანს, რომ ის ამავდროულად რუსეთის მოქალაქეც არის.

რუსეთის მოქალაქეობის წესების თანახმად, იმისათვის, რომ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მოეპოვებინა, მას რუსულ ბიზნესში ან ძალიან დიდი ფული უნდა ჩაედო, ან მისი სპეციალობით 36 თვე რუსეთის სასარგებლოდ ემუშავა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

ფარცხალაძის საბროკერო კომპანია მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ ყიდის და ყიდულობს უძრავ ქონებას, ვაჭრობს მოსკოვის ბაზარზე აქციებით, ობლიგაციებითა და უცხოური ვალუტით, ყიდის სამედიცინო აღჭურვილობას, აშენებს და არემონტებს საავადმყოფოებს, უცხოელ ბიზნესმენებს სთავაზობს რუსეთში ბიზნესების ყიდვას. ამასთან, კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაფუძნებული კომპანია არსებული ბიზნესისა და კომერციული უძრავი ქონების შეძენას დამატებითი ფინანსური, ეკონომიკური და საიმიგრაციო შეღავათებით უზუნველყოფს. საიმიგრაციო შეღავათების, კერძოდ, ინვესტიციების გზით მუდმივი ბინადრობის, სამუშაო ვიზისა და მოქალაქეობის მიღება ინვესტორებს რუსეთის ფედერაციაში, აშშ-ში, საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, მექსიკაში, ჩეხეთში და საბროკერო კომპანიის სხვა პარტნიორ ქვეყნებში შეუძლიათ.

კომპანიის მფლობელები ოთარ ფარცხალაძესთან ერთად რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ კარტოზია (15%-იანი წილი) და ასევე რუსეთის მოქალაქე  ვიქტორია ბოკერია (35%) არიან. ვიქტორია ბოკერია რომან ბოკერიას ცოლია, ეს უკანასკნელი კი ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის გენერალური დირექტორია. ვიქტორია ბოკერია 2022 წლის დეკემმბერს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) და საქართველოში დაფუძნებულ მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, სადაც რუს დეპუტატებთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები მიმიდინარეობდა.

მოსკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯის ვებ-გვერდზე მითითებულია პარტნიორი ქვეყნები, რომლებთანაც ის იურიდიული კომპანიის მეშვეობით თანამშრომლობს. პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველოც არის მითითებული. საქართველოში კომპანია კლიენტებს სამუშაო ბიზნესისა და მატერიალური აქტივების ყიდვა და გაყიდვას, უცხოელი ინვესტორებისთვის საბანკო ანგარიშის გახსნას, საქართველოს ბინადრობის ნებართვის და მოქალაქეობის მოპოვების მიზნით მზა ბიზნესის შეძენას სთავაზობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერიდან ვიგებთ, რომ 2019 წელს რეგისტირებული კომპანიის, შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის ბფლობელები რომან ბოკერია (33%), ვიკტორია ბოკერია (33%) და მეგი ბაღათურია (34%) არიან.

2021 წელს შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა და  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, კომპანია გამოხატავს მზადყოფნას პერსპექტიული ბიზნეს საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის მოიზიდოს და უზრუნველყოს ინვესტიციები, ხოლო მეორე მხრივ, სამინისტრო მზადაა, შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში კომპანიას ხელი შეუწყოს. მემორანდუმს ხელს აწერენ რომან ბოკერია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილი მინისტრი ნათელა თურნავა.

საეთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ  2015-2016 წლებში შეიძინეს თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი.  2015 წლის 18 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძემ შპს “როიალ დეველოპმენტის” 40% წილი 50 ლარად იყიდა,  2016 წლის 29 ივნისს მან 50 ლარად ნაყიდი წილი, 155 000 დოლარად გაყიდა. 2014-2016 წლებში ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ შპს მიტერას 100% წილი იყიდეს 2500 ლარად, რაც 2016 წლის აგვისტოში 65 000 ლარად გაასხვისეს. 2016 წლის 29 ივნისს ოთარ ფარცხალაძემ შპს “ბი ეს არ სი დი ჯი დეველოპმენტის” 100% იყიდა 235 000 დოლარად.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტიორებს შორის ბაზარზე მოთამაშე ყველაზე მსხვილი  5 კომპანიიდან ერთ-ერთი ლუკოილ ჯორჯიაა. რუსულ კომპანიას, ლოკოილს აშშ-მ 2022 წლის იანვარში სანქციები დაუწესა, რომელთა მიზანი კომპანიის ნავთობის პროექტების შეზღუდვა იყო. 2017 წელს ლოკოილ ჯორჯიას დირექტორის მოადგილის თანამდებობას ლოჯისტიკის მიმართულებით ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იკავებდა.

2017 წლის 12 მაისს, კლუბ ელ ცენტროში ოთარ ფარცხალაძე აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს, ლაშა თორდიას დაესხა თავს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ "ინციდენტი იყო წამიერი" და მისი მხრიდან "ხელის შეხება არ ყოფილა".

2021 წლის 2 თებერვალს ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა. ლაშა თორდიამ ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე აშშ-ში ცხოვრობს. 2022 წელს ლაშა თორდიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.

 

კომენტარები