შინაპატიმრობა

რუს სტუდენტს INSTAGRAM პოსტის გამო 10-წლიანი შინაპატიმრობა მიესაჯა

უნივერსიტეტის სტუდენტს, 20 წლის ოლესია კრივცოვას შინაპატიმრობა მიესაჯა. მას ფეხზე ელექტრონული სამაჯური უკეთია, რისი საშუალებითაც პოლიციას შეუძლია, მისი ყოველი ნაბიჯი გააკონტროლოს.

რა არის მისი სავარაუდო დანაშაული? ოლესია სოციალურ ქსელში ომის საწინააღმდეგო პოსტების დადებისთვის დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი გასული წლის ოქტომბერში ხიდზე აფეთქებას ეხებოდა, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს. 

"მე გამოვაქვეყნე Instagram-ზე პოსტი ხიდთან დაკავშირებით. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კმაყოფილები იყვნენ უკრაინელები მომხდარით”. - თქვა ოლესიამ BBC-სთან ინტერვიუში. 

მან, ასევე, ომის შესახებ დაწერილი პოსტი გააზიარა.

"ტელეფონით დედაჩემს ველაპარაკებოდი, როცა შემოსასვლელი კარის ხმა გავიგე. უამრავი პოლიციელი შემოვიდა. ტელეფონი წამართვეს და დამიყვირეს, იატაკზე დაწექი". - იხსენებს ოლესია.

ოლესიას ბრალი ედება ტერორიზმის გამართლებასა  და რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვინმეს ინტერნეტში რაიმეს გამოქვეყნების გამო ამხელა პატიმრობას უსჯიდნენ. მინახავს ცნობები რუსეთში გიჟური განაჩენების შესახებ, მაგრამ დიდი ყურადღება არ მივაქციე და განვაგრძე საუბარი".

არხანგელსკის ჩრდილოეთ ფედერალური უნივერსიტეტის სტუდენტი, ოლესია რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების ოფიციალურ სიას დაემატა. 

"როდესაც მივხვდი, რომ მეც იმავე სიაში შევედი, რომელშიც  სკოლის მსროლელები და ისლამური სახელმწიფო დაჯგუფებაა, მეგონა, რომ ეს სიგიჟე იყო". -  ამბობს ოლესია.

შინაპატიმრობის წესების თანახმად, მას ტელეფონზე საუბარი და ინტერნეტის გამოყენება ეკრძალება.

ოლესიას მარჯვენა ფეხზე გამოსახულება აქვს გაკეთებული - რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ობობას სახით და ორუელისეული წარწერით: "დიდი ძმა გიყურებს".

ოლესიას შემთხვევაში "დიდი ძმის" როლში მისივე უნივერსიტეტის სტუდენტები აღმოჩნდნენ.

"მეგობარმა მაჩვენა პოსტი ჩემს შესახებ. როგორ ვიყავი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" წინააღმდეგი. მონაწილეთა უმეტესობა ისტორიის სტუდენტი იყო. ისინი მსჯელობდნენ, მიეწოდებინათ თუ არა ინფორმაცია სახელმწიფოსთვის". - ამბობს ოლესია. 

კომენტარები