რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოსტინი: 8 ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემაზე მუშაობს

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, გერმანია, პოლონეთი, კანადა, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ერთობლივად მუშაობენ. 

გარდა ამისა, ოსტინმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩეხეთი და ნიდერლანდები T-72-ის ტიპის 90-ე მეტ ტანკს უკრაინას აწვდიან, ხოლო პოლონეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ამავე ტიპის ტანკები უკრაინას გაუგზავნოს. 

ოსტინის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას Challenger-ის ტიპის ტანკებს აწვდის, პარალელურად, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უკრაინისთვის დამატებითი საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის წყაროების მოძიებაზე მუშაობს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ Leopard 2A4-ის ტიპის 4 საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინას დაჰპირდა, პოლონეთშია და უკრაინელი ჯარისკაცები მათზე უკვე ვარჯიშობენ. 

25 იანვარს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ და ამასთან, დაუშვა რეექსპორტი სხვა ქვეყნებში, რომლებსაც ასევე სურთ ამის გაკეთება.

კომენტარები