რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: არ ჩანს ნიშნები, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მშვიდობისთვის ემზადება

REUTERS/Stoyan Nenov

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ახალი შეტევა უკვე დაწყებულია და არ ჩანს ნიშნები, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან მშვიდობისთვის ემზადება. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მომდევნო კვირაში რუსეთის მიერ უკრაინაში ამ საშინელი ომის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება. ვხედავთ საპირისპიროს – ის ემზადება კიდევ უფრო მასშტაბური ომისთვის, მეტი თავდასხმებისთვის და მეტი შეტევებისთვის. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ალიანსის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა მეტად დაუჭირონ მხარი უკრაინას". - თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 14 თებერვალს, ალიანსის თავდაცვის მინისტრების 2-დღიან შეხვედრეაზე უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას ელის. ამავდროულად, NATO-ს გენერალურმა მდივნის თქმით, სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას დრო დასჭირდება, კიევს კი სასწრაფო დახმარება.

გარდა ამისა, სტოლტენბერგმა ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავებით უზრუნველყოფა ალიანსს მხარედ არ აქცევს.

"არც NATO და არც NATO-ს მოკავშირეები კონფლიქტის მხარეები არ არიან. ალიანსი და მისი მოკავშირეები მხარს ვუჭერთ უკრაინას. უკრაინა საკუთარ თავს თავად იცავს და უნდა გვესმოდეს ეს რას ნიშნავს. ეს არის აგრესიის ომი. პრეზიდენტმა პუტინი და რუსეთი თავს დაესხა სუვერენულ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყანას ევროპაში. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში. შესაბამისად, NATO და მისი მოკავშირეები არ არიან კონფლიქტის ნაწილი, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი". - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები