ფილიპინები-ჩინეთი

ჩინეთმა ფილიპინების სანაპირო დაცვის წინააღმდეგ სამხედრო ლაზერი გამოიყენა

13 თებერვალს ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვის ხომალდი ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდზე სამხედრო ლაზერის გამოყენებაში დაადანაშაულა. ფილიპინებმა მომხდარს მანილას სუვერენული უფლებების უხეში დარღვევა უწოდა.

მხოლოდ 2022 წელს ფილიპინებმა სადავო წყლებში ჩინეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ 200-მდე საქმე გაასაჩივრა.

ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე პრეტენზიას მთლიანად აცხადებს. ფილიპინების ყოფილ პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტესა და მის მემკვიდრეს, ფერდინანდ მარკოსს პეკინთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ისინი ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს იანვარში პეკინში შეხვდნენ, თუმცა სადავო ტერიტორიების გამო დაძაბულობა მაინც შენარჩუნდა. ამან, თავის მხრივ,  ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო კავშირი გაამყარა.

როგორც ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერმა, არმანდ ბალილომ AP-ს უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სანაპირო ფილიპინების სანაპირო დაცვის გემებს სადავო წყლებში მანამდეც ბლოკავდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა სამხედრო ლაზერი გამოიყენა და ფილიპინელი პერსონალი დააზიანა.

ფილიპინების სამხედროებმა თქვეს, რომ დროა ჩინეთმა თავისი ძალები შეზღუდოს ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების ჩადენისგან, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. 

პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა თქვა, რომ 6 თებერვალს ფილიპინების სანაპირო დაცვის ხომალდი ჩინეთის წყლებში ნებართვის გარეშე შეიჭრა. 

"ვიმედოვნებთ, რომ ფილიპინები გულწრფელად პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და საზღვაო უფლებებს და ინტერესებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და რომ ისინი თავიდან აიცილებენ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დავის გაფართოება და სიტუაციის გართულება." - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

11 და 12 თებერვალს აშშ-ს საზღვაო ძალებმა და საზღვაო ქვეითებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს იმ დროს, როდესაც საეჭვო ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდების გამო პეკინთან დაძაბულობა გაიზარდა. დიდი ამერიკული ბაზების დახურვიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ ფილიპინებში სამხედრო ძალების აღსადგენად ნაბიჯებს დგამს.

კომენტარები