საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი კობახიძეზე: ევროკომისიის ანგარიში დამსახურებაზე დაფუძნებული, აპოლიტიკური იქნება

ნება მომეცით კიდევ ერთხელ ავხსნა, თუ რა მოხდება მიმდინარე წელს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ მუშაობას მოსაზრებაზე, რომელიც შეეხება 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მდგომარეობას. ეს იქნება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესი, ეს იქნება ძალიან ინკლუზიური პროცესი. საქართველოს ხელისუფლება იქნება მოწვეული საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. ჩვენ ასევე გავივლით კონსულტაციას სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეს აისახება ევროკომისიის მოსაზრებაში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. 

ეს იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ძალიან არაპოლიტიკური. რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, 27 წევრი ქვეყანა, პოლიტიკურ, უმაღლეს შესაძლო, ევროკავშირის პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების დონეზე შეხვდებიან და შეაფასებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ეს შეფასება, პირველ რიგში, გაკეთდება ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, რომელსაც ის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები ერთსულოვნად მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით. 

ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. ჰერჩინსკიმ ინტერესნიუსთან ინტერვიუში უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც "დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ აქვს ალტერნატივა, თუ ისევ არ იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება".

კომენტარები