რუსეთი-სუდანი

AP: სუდანი მოსკოვთან წითელი ზღვის ნაპირზე რუსული ბაზის გახსნაზე შეთანხმდა

სუდანსა და რუსეთს შორის წითელი ზღვის სანაპიროზე სამხედრო ბაზის გახსნის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი სუდანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

შეთანხმების მიხედვით, რუსეთი პორტ სუდანში ბაზას გახსნის, სადაც განთავსდება 300 რუსი სამხედრო მეზღვაური და ოთხი ხომალდი, მათ შორის - ატომური ძრავით.

სანაცვლოდ, მოსკოვი სუდანს იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს. შეთანხმება 25 წლით თანამშრომლობასა და ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, 10 წლით გახანგრძლივების პირობას მოიცავს.

წყაროების ცნობით, შეთანხმების რატიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც სუდანში მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო დაკომპლექტდება. წყაროებმა აღნიშნეს ისიც, რომ მოსკოვმა სუდანის უკანასკნელი მოთხოვნები, მათ შორის დამატებით იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება დააკმაყოფილა.

სუდანის პარლამენტი დაიშალა მას შემდეგ, რაც 2019 წლის აპრილში სუდანის ავტოკრატ პრეზიდენტს, ომარ ალ-ბაშირს სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს. 

ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დამხობიდან მალევე, სუდანის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს შორის შეთანხმება გაფორმდა. გაერთიანებულ საბჭოს, გარდამავალ მთავრობას ქვეყანა დემოკრატიისკენ უნდა წაეყვანა და 2023 წელს არჩევნები ჩაეტარებინა. 2019 წლის შემდეგ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა იყო.

სუდანსა და რუსეთს შორის სამხედრო ბაზის შექმნაზე ცნობები პირველად 2020 წლის დეკემბერში გავრცელდა. 2022 წლის თებერვალში სუდანელი გენერალი მუჰამედ ჰამდან დაგალო მოსკოვში რუს მაღალჩინოსნებს შეხვდა. ვიზიტის შემდეგ, დაგალომ თქვა, რომ ხართუმს რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ სუდანში ბაზის შექმნის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუ ის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

"თუ რომელიმე ქვეყანას ბაზის გახსნა სურს და ეს ჩვენს ინტერესებშია და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს არც რუსეთთან და არც სხვა ქვეყნებთან". - აღნიშნა მან.

სუდანი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია აღიარეს.

კომენტარები