მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

ერდოღანი: ფაქტია, ისე სწრაფად ვერ ვიმოქმედეთ, როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მთავრობამ მიწისძვრის შემდეგ საკმარისად სწრაფად მოქმედება ვერ მოახერხა.  

მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ქალაქ ადიამანში ვიზიტისას ერდოღანმა აღიარა, რომ მთავრობას ხალხისთვის დახმარების სწრაფად აღმოჩენა გაუჭირდა. მიზეზად პრეზიდენტმა მიწისძვრისა და ზარალის მასშტაბი და უამინდობა დაასახელა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ სამაშველო ოპერაციებში 94 ქვეყნიდან 141 000 ადამიანი იყო ჩართული, ოპერატიულად მუშაობა მთავრობამ ვერ შეძლო. 

"ფაქტია, რომ ისე სწრაფად ვერ ვიმოქმედეთ, როგორც ამას ჩვენ ვისურვებდით. თურქეთი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფის წინაშე დგას". - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრისას. 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20 000-ს აჭარბებს. ამის პარალელურად ათასობით ადამიანი შიმშილს, სიცივესა და უსახლკარობას ებრძვის.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები".

კომენტარები