თავდასხმა ისრაელში

იერუსალიმში მძღოლი მანქანით ქვეითებს დაეჯახა – პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტს უწოდებს

Ammar Awad

10 თებერვალს, იერუსალიმში, ავტობუსის გაჩერებასთან მძღოლი ავტომობილით მოქალაქეებს განზრახ დაეჯახა. შედეგად 6 წლის ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს. 

დაღუპულების გარდა, ინციდენტის შედეგად კიდევ 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის 2 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფის ცნობით, ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 30-დან 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც წარმოშობით აღმოსავლეთ იერუსალიმიდანაა. აღმოსავლეთ იერუსალიმში მეტწილად პალესტინელი მოსახლეობა ცხოვრობს.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

პოლიციამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მსხვერპლი მამაკაცი პოლიციის გასროლის შედეგად დაიჭრა და დაიღუპა. 

"ერთადერთი, ვისაც ესროლეს, თავად ტერორისტია. გასროლა მოხდა პოლიციელის მიერ, სამუშაო საათების მიღმა. მან [პოლიციელმა] ტერორის დამატებითი მსხვერპლის თავიდან არიდება შეძლო". - თქვა ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა CNN-თან ინტერვიუში.

ინციდენტის ადგილი ისრაელსა და პალესტინას შორის სადაო ტერიტორიას წარმოადგენს. პალესტინელების ნაწილი მას ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. 
 

კომენტარები