რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასავლეთმა არ უნდა გარისკოს რუსეთთან დაპირისპირება თვითმფრინავების გამო - მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებამდე დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ არ რისკავს რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებას.

"ამ ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ დახურულ კარს მიღმა, ვინაიდან ბევრი მგრძნობიარე საკითხია განსახილველი, არსებობს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

[...] ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამის გამო არ მოხდება მე-5 მუხლის დარღვევა" - თქვა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა.

NATO-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა მის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. 

"ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და როგორც კი დასკვნას მივაღწევთ, შევძლებთ მათ გარე სამყაროში გამოტანას.

ასე რომ, მე არ ვაპირებ სპეკულირებას. მე მაქვს ჩემი იდეები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ არ უნდა გინდოდეთ, რომ რუსეთმა იმაზე მეტი იცოდეს, ვიდრე საჭიროა" - თქვა რუტემ.

ზელენსკის ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის მთავარი მიზანი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე დასავლელი მოკავშირეების დარწმუნება იყო.

8 თებერვალს ის დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვია, ხოლო 9 თებერვალს ბრუსელში, ევროპარლამენტარებთან შესახვედრად ჩავიდა.

კომენტარები