რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

SpaceX-მა უკრაინის მიერ დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება შეზღუდა

უკრაინელი სამხედრო Starlink-ის თეფშთან
Reuters

SpaceX-მა მიიღო ზომები უკრაინული სამხედროების მიერ დრონების სამართავად კომპანიის სატელიტური ინტერნეტ სერვისის Starlink-ის გამოყენების შესაზღუდად. ამის შესახებ SpaceX-ის პრეზიდენტმა, გვინ შოტველმა ისაუბრა

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის დანიშნულება, რომელიც უკრაინის სამხედროებს რუსეთის არმიისგან თავის დასაცავად კომუნიკაციაში ეხმარებოდა, შოტველის თქმით, არასდროს გულისხმობდა შეტევითი მიზნებისთვის მის ინსტრუმენტალიზაციას. 

"თუმცა, უკრაინელებმა გამოიყენეს ეს ბერკეტები ისე, რომ იყო მოულოდნელი და არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი". – დასძინა მან.

SpaceX-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან შეთანხმება გულისხმობდა Starlink-ის გამოყენებას ჰუმანიტარული მიზნებისთვის, როგორიცაა ინტერნეტის მიწოდება საავადმყოფოებისთვის, ბანკებისთვის და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის.

"არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და გავაკეთეთ". – აღნიშნა შოტველმა უკრაინელების მიერ დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

Starlink-მა უკრაინაში სერვისების მიწოდება გასული წლის ბოლოს შეფერხდა. თუმცა, ამის მიზეზების შესახებ SpaceX-ს განარტება არ გაუკეთებია. 

კითხვაზე, იყო თუ არა ეს შეფერხებები დაკავშირებული SpaceX-ის მცდელობებთან, შეეზღუდა Starlink-ის სამხედრო დანიშნულებით გამოყენება, შოტველმა აღნიშნა: "არ მინდა ამაზე პასუხის გაცემა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ პასუხი ვიცი". 

SpaceX-მა პირადად გაგზავნა Starlink-ის ტერმინალების სატვირთო მანქანები უკრაინაში, რაც ქვეყნის სამხედროებს აძლევდა კომუნიკაციის საშუალებას თითქმის 4000 თანამგზავრთან დაკავშირების გზით. ქსელის მოხმარება დააფინანსა დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა და ნაწილობრივ SpaceX-მა. 


CNN-ის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში დაფინანსების არარსებობის გამო უკრაინაში Starlink-ის 1 300 თანამგზავრი გაითიშა

თავდაპირველად, CNN-მა სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ SpaceX-მა პენტაგონს ოფიციალურად წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში Starlink-ის დასაფინანსებლად კომპანიამ თითქმის 100 მილიონი დოლარი დახარჯა და მომავალში მათ დაფინანსებას ვეღარ შეძლებდა. წერილში კომპანიამ პენტაგონს მოუწოდა, საკუთარ თავზე აეღო დაფინანსების დიდი ნაწილი, რაც თვეში რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს.

ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, ილონ მასკმა პოლიტიკა შეცვალა და SpaceX-ის მოწოდება უკან წაიღო.

"ჯანდაბას, მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს შემოსავლებს მაშინ, როცა სხვა კომპანიები მილიარდებს იღებენ გადასახადების გადამხდელებისგან, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას". - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

კომენტარები