ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, Institute for the Study of War-ის (ISW) 8 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, რუსულმა მხარემ ლუგანსკის ოლქში მორიგი შეტევა დაიწყო.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, გასული კვირის განმავლობაში, შესამჩნევად გაიზარდა რუსული ოპერაციების სიხშირე სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, დასავლეთ ლუგანსკის ოლქში.
რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ISW წერს, რომ რუსული კონვენციური ჯარები უტევენ უკრაინის თავდაცვით ხაზებს და მიიწევენ ხარკოვ-ლუგანსკის ოლქის საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებით, სვატოვეს ჩრდილო-დასავლეთით, კუპიანსკთან და კრემინას დასავლეთით.
ISW-ის შეფასებით, განმეორებითი შეტევების მიუხედავად, უკრაინა რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი წარმატების მოღწევაში ხელს უშლის.
"რუსული ძალები ეტაპობრივად იწყებენ შეტევას, მაგრამ მათი წარმატება არ არის ნიშანდობლივი ან წინასწარ გადაწყვეტილი". – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
როგორც სამხედრო ანალიტიკური ცენტრი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები ლუგანსკის ოლქში ამჟამად წინ მიიწევენ, ამ ძალებისადმი სრულმა ერთგულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს რუსებს ლუგანსკის და დონეცკის ყველა ოლქის აღებაში. ეს კი, ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინულ ძალებს მისცემს შესაძლებლობას კონტრშეტევითი ოპერაციები აწარმოონ.