რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას Leopard 2-ის ტიპის 3 ტანკს პორტუგალიაც გადასცემს

Leopard 2
Sascha Schuermann/Getty Images

პორტუგალიის პრემიერმინისტრის, ანტონიო კოსტას თქმით, უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის 3 ტანკს გაგზავნიან, მას შემდეგ, რაც მათ შეაკეთებენ.

აქამდე, 4 თებერვალს კოსტამ თქვა, რომ პორტუგალია გერმანიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ტანკების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილები მიეღო. 

პორტუგალიის პრემიერმინისტრის ცნობით, 3 ტანკის გაგზავნას მარტში შეძლებენ.

პორტუგალიის შეიარაღებული ძალების მეთაურმა თქვა, რომ ქვეყანას შეიარაღებაში Leopard 2-ის ტიპის 37 ტანკი აქვს, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი უმეტესობა შესაკეთებელია და ამჟამად ქმედითი არაა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გასულ კვირაში თქვა, რომ "პირველ ტალღაზე" უკრაინა 120-140 დასავლურ ტანკს მიიღებდა.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს. 

უკრაინისთვის Leopard 2-ების გადაცემას სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთი და ფინეთიც აპირებენ. ამას გარდა, გერმანია უკრაინაში Leopard 1-ის ტიპის ტანკებსაც გაგზავნის, ხოლო პოლონეთი მოდერნიზებულ საბჭოთა ტანკებსაც, რომლებიც PT-91-ის სახელითაა ცნობილი. 

კომენტარები