ქართული ოცნება

რადგან უკრაინაში რუსეთს უპირატესობა აქვს, ჩვენი ომში ჩართვის სურვილი ძლიერდება – კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბარში თქვა, რომ საქართველოს "ომში ჩართვის" ინტერესი იზრდება, როცა უკრაინაში, მისი აზრით, ამ ეტაპზე უპირატესობა რუსეთს აქვს.

"არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც მაგალითად მოლდოვის მიმართ არ არსებობს. მოლდოვაშიც პატიმრობაშია მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არავის ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია... იმიტომ რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის 2 მილიარდის კრედიტ სიუსში გაჩერება და, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი მეორე ფრონტი და ომში ჩართვის სურვილია...

გამომდინარე იქედან, რომ უკრაინაში დღეს მძიმე ვითარებაა, ამ ეტაპზე მოვლენები როგორ გაგრძელდება იქ არ ვიცით, მაგრამ, ამ ეტაპზე, გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი გაზრდილია". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, ფაქტი, რომ გასული წლის ბოლოს დაახლოებით 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და მთავარი არხის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს დასჯას ითხოვდა, იმაზე მიუთითებს, თუ "რამდენად დიდია მანკიერი ინტერესი".

"400-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც წერია, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს. აქედან ჩანს, რამდენად დიდია ეს მანკიერი ინტერესი და კოორდინაცია საქართველოს წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ ოთხასივე ევროპარლამენტარს გაცნობიერებული ჰქონდა რას აწერდა ხელს, მაგრამ ფაქტია, მათზე მოახდინეს გავლენა. ანუ კოორდინაციის მასშტაბი ძალიან დიდია". – თქვა კობახიძემ.

კომენტარები