უკრაინა

არახამია: უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე რეზნიკოვს ბუდანოვი შეცვლის

უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ დაადასტურა, რომ უკრაინის ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი ჩაანაცვლებს.

არახამიას თქმით, რეზნიკოვს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად დანიშნავენ. მისი თქმით, "ომის პერიოდისთვის ლოგიკურია", რომ თავდაცვის მინისტრის ადგილს ბუდანოვი დაიკავებს.

"ლოგიკა იგივეა, ძალოვან სტრუქტურებს ამ ეტაპზე უნდა ხელმძღვანელობდნენ არა პოლიტიკოსები, არამედ ძალოვნები". – თქვა არახამიამ.

არახამიას სიტყვებამდე, გავრცელდა ცნობა, რომ ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას დატოვებდა.

რეზნიკოვის თქმით, მასთან არ უსაუბრიათ, რომ მინისტრის თანამდებობას დაატოვებინებენ.

"ვთვლი, ყველა მაღალჩინოსანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ საკუთარ მოვალეობას მთელი სიცოცხლე არ შეასრულებს და მზად უნდა იყოს მისი დასასრულის ეტაპის დასაწყებად. ამიტომ, ნებისმიერი მოვლენათა განვითარების მზად ვარ". – თქვა რეზნიკოვმა შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვაზე.

უკრაინის თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას საკუთარი მუშაობის არ რცხვენია და "სურვილების სიიდან", მისი მინისტრობის დროს, უკრაინას მხოლოდ ავიაგამანადგურებლების მიღება დარჩა. მისი თქმით, მომავალს პოზიტიურად უყურებს.

3 თებერვალს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გახსნა თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული სქემა, რომლის ფარგლებშიც ჯარის საკვებით მომარაგებისთვის საჭირო თანხებს ითვისებდნენ. ზარალი 119.5 მილიონ გრივნას უტოლდებოდა.

ამას წინ უსწრებდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც უკრაინის თავდაცვის უწყების გარშემო სკანდალი გამოიწვია. ამ მოვლენების ფონზე, გადადგა მინისტრის მოადგილე.

გასულ დღეებში ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის პასუხს უკვე აგებს ამ სკანდალთან დაკავშირებით საკუთარი რეპუტაციით.

კომენტარები