მკვლელობა

69 წლის ქალს, რომელმაც თანასოფლელს ქვა ესროლა და მოკლა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – POG

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო. 

"ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

2022 წლის ივლისში, სოფელ კარბში, თანასოფლელებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დროს, ასაკოვანმა ქალმა 29 წლის მამაკაცს ქვა ესროლა. ქალა-ტვინის ტრავმის გამო გაკეთებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის და შემდგომი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

69 წლის ქალს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა). გარდაცვლილის ოჯახის წევრები მუხლის დამძიმებას ითხოვდნენ, თუმცა, არ დაკმაყოფილდა.

დასკვნით პროცესზე ბრალდებულმა თქვა, რომ ქვის ჩარტყმის მომენტი საერთოდ არ ახსოვს, თუმცა, ახსოვს მანამდე განვითარებული მოვლენები, როცა "გარდაცვლილმა მამაკაცმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა".

კომენტარები