მიხეილ სააკაშვილი

ცალკეული შემთხვევა არ განსაზღვრავს ქვეყნის ევროპულ მომავალს – ზურაბიშვილი შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისეთ ცალკეულ შემთხვევას, როგორიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა, ქვეყნის ევროპულ მომავალზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. 

როგორც Bloomberg წერს, "სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, Bloomberg-თან ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე", თუმცა ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ ცალკეული შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.

Bloomberg-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად დრო დადგა". 

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც მისივე თქმით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო მისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს.

"თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება." – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. 

"რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის გარეშე გადაწყდეს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში. 

კომენტარები