მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნევროლოგი: როცა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მაშინ ალბათ არ ჭამდა, ახლა ვეღარ ჭამს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე ნევროლოგ თენგიზ წულაძეს კითხავენ, რომელიც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრია.

პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს ჰკითხა, ექსპრეზიდენტი საჭმელს ვერ ჭამს, თუ არ ჭამს.

"თავიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მაშინ ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს. ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებასა და გულისრევას იწვევს. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს, საკმაოდ რთული". - უპასუხა თენგიზ წულაძემ.

პროცესზე ექიმმა ასევე თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის წონა 52 კგ-ს ჩამოცდება, მაშინ ის მოკვდება.

"ჩვენ ერთ-ერთ დასკვნაში გვიწერია, რომ თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე ნაკლებზე ჩამოვა, ანუ თუ მიხეილ სააკაშვილის წონა 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, ის მოკვდება. ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს". - თქვა თენგიზ წულაძემ.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

კომენტარები