The Times of Israel-ის ინფორმაციით, იერუსალიმთან მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა.
პოლიციის მტკიცებით, დაზარალებულები მამა-შვილი არიან. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ახალგაზრდა დაზარალებული მამაკაცი ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თანამშრომელია. IDF-ის ცნობით, ჭრილობების მიუხედავად, სამხედრომ თავდამსხმელისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა და მისი მოგერიება მოახერხა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 13 წლის პალესტინელი ბიჭია, რომელიც ამ დროისათვის სამხედროს მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელში მეორე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
27 იანვარს შეიარაღებულმა პირმა, რომელიც მომლოცველებს მანქანაში ელოდებოდა, ლოცვის დასრულების შემდეგ სინაგოგიდან გამოსულებს ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომლის ვინაობასაც არ ასაჯაროებენ, უსაფრთხოების ძალებმა ადგილზე მოკლეს.
27 იანვარს სინაგოგაში მომხდარი სროლის შემდეგ ისრაელის პოლიციამ 42 ადამიანი დააკავა.
თავდასხმის საპასუხოდ, ხელისუფლებამ იერუსალიმის გარეუბანში მუდმივი კონტრტერორისტული დანაყოფის ოფიცრები განათავსა, რათა "საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ უპასუხონ განსაკუთრებულ მოვლენებს".
თავდასხმას წინ უძღოდა პალესტინელთა მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ იერიშის საპასუხოდ, ისრაელის არმიის მიერ 27 იანვარს ღაზის სექტორზე სარაკეტო დარტყმა.
26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.