ენმ

მერაბიშვილი: ჩემთვის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დაბრალება ამორალურია

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ მასზე “აგორებულ მორიგ ტალღას” ეხმაურება. 

მერაბიშვილი წერს, რომ ბევრ ცილისწამებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, მისივე სიტყვებით, სააკააშვილის ინტერვიუს “მახინჯი ინტერპრეტაციის” უყურადღებოდ დატოვება არ შეუძლია. 

მერაბიშვილის სიტყვებით, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად ის ხალხი აბრალებს, ვისაც ბიოგრაფია სავსე აქვს მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. მისივე შეფასებით, ბრალდება “ამორალური და უსინდისო” საქციელია. 

“მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. 

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია. 

რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი.

უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. 

რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე.

სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!” - დაწერა მან. 

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ.

“რუსეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები და ჩემს მიმართ გამოტანილ განაჩენებს. მე მინდოდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ცუდი დრო იყო შერჩეული – ასე ახლოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე. არ არის გამორიცხული, რომ იმ ხალხის ნაწილი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტები იყვნენ”. - თქვა მან. 

სააკაშვილმა ასევე ისაუბრა გირგვლიანის საქმეზე და თქვა, რომ მაშინდელი შს მინისტრის თანამდებობიდან არგათავისუფლებას ნანობს.

კომენტარები