ევროკავშირი-საქართველო

პოლარიზაცია, სასამართლო, მედიაგარემო – PACE მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს რეკომენდაციები

Council of Europe

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ასამბლეა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებებისა და პირობების შესრულების კუთხით მიესალმება, თუმცა, ამასთანავე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს, შეასრულონ რეზოლუციაში გამოთქმული ვალდებულებები და წუხილები.

ასამბლეის რეზოლუციის მიხედვით, პოლარიზაცია ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, მაშინ როცა, ორგანიზაციის განმარტებით, "ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროატლანტიკური კონსოლიდაციისთვის" რეფორმებში ორივე მხარის ჩართვა აუცილებელია. 

"ამ აზრით, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციით, რაც გავლენას ახდენს რეფორმებსა და ამ რეფორმებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე. ეს უკანასკნელი კი საჭიროა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროატლანტიკური კონსოლიდაციისთვის". - წერია რეზოლუცია. 

დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, რეზოლუციის თანახმად, მთავრობამ უნდა განახორციელოს სასამართლო რეფორმის საფუძვლიანი და დამოუკიდებელი შეფასება.

"ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმების საფუძვლიანი, დამოუკიდებელი შეფასება, რათა წარმართოს რეფორმები ქვეყანაში ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად". - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, ასამბლეას ყურადღების მიღმა არ რჩება მედიასთან მიმართებით  ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, გამოთქვამს წუხილს ამასთან დაკავშირებით და მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას განაგრძოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება, რათა ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი, PACE-შეფასებით, სამართლიანად ისწრაფვის.

კომენტარები