რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: დასავლეთში უკრაინისთვის რეაქტიული ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე მსჯელობენ 

უკრაინისთვის რეაქტიული ავიაგამანადგურებლების მიწოდებასთან დაკავშირებით მსჯელობა ათეულზე მეტ დასავლელ სამხედრო პირთან და დიპლომატთან მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების გადაწყვეტილებას განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს. 

"შემდეგი ბუნებრივი ნაბიჯი იქნება თვითმფრინავები". – აღნიშნა ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ერთ-ერთი ევროპული პარტნიორი ქვეყნის კოლეგამ მას უთხრა, რომ კიევისთვის ამერიკული F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე იმუშავებენ.

"სწორედ ახლა, ერთი ევროპელი კოლეგისგან მივიღე კითხვა: "ახლა F-16-ები?". და ვუპასუხე, კი-მეთქი. [მიპასუხა] მუშაობას ვიწყებ, მეგობაროო. მან იცის რაც უნდა გააკეთოს". – თქვა კულებამ.

კულებას არ დაუსახელებია რომელ ქვეყანაზეა საუბარი, თუმცა გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების მთავრობა პოტენციურად მზად არიან, უკრაინისთვის საკუთარი F-16-ების გადაცემის შესაძლებლობის განხილვა დაიწყონ, თუ კიევისგან შესაბამისი თხოვნა იქნება.

უკრაინის მოკავშირეების თავდაცვის მინისტრები მომავალ თვეს, 14 თებერვალს რამშტაინის სამიტზე შეიკრიბებიან. როგორც POLITICO წერს, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაგზავნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები