რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი სოლედარი სრულად დატოვეს

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცას რუსულ პოზიციებზე თავდასასხმელად ამზადებენ, უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი სრულად დატოვეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების წარმომადგენელმა, სერგიი ჩერევატიმ ისაუბრა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გადაწყვეტილებას სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზეზით ხსნიან.

"პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავდაცვის ძალები სოლედარიდან გამოვიდნენ და გამაგრდნენ წინასწარ მომზადებულ თავდაცვის ხაზებზე". – თქვა ჩერევატიმ. 

ჩერევატის ტქმით, სოლედარის მცველებმა პოზიციების აქამდე გამაგრებით გმირობა ჩაიდინეს, მიუხედავად, იმისა, რომ მოწინააღმდე 3-5-ჯერ აღემატებოდა. მისივე თქმით, ოკუპანტებს დიდი დანაკარგი მიაყენეს.

სოლედარის მიმართულებით რუსეთის მხრიდან განსაკუთრებით აქტიურობდა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი. მისმა დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ სოლედარში მხოლოდ ვაგნერი იბრძოდა და მათ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ეხმარებოდნენ.

დონეცკის ოლქში მდებარე სოლედარი, რომელიც მარილის საბადოებით ცნობილი პატარა ქალაქია, რუსეთს ბახმუტის მიმართულებით იერიშების გაძლიერებისთვის სჭირდება. თუმცა, როგორც ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში იყო ნათქვამი, ამ ქალაქის დაკავების შემთხვევაში ბახმუტი პირდაპირ ალყაში არ მოექცევა. ქალაქ სოლედარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და აქ გამართულ ბრძოლებს საკუთარი ვაგნერის ჯგუფის რეკლამირებისთვის იყენებს. თუ რუსეთი სოლედარს დაიკავებს, ეს, ბოლოდროინდელი მარცხების შემდეგ, მათი პირველი წარმატება იქნება.

კომენტარები