თბილისის მერია

ანტისაბჭოთა აჯანყებისთვის დახვრეტილების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება. 

კალაძე ამბობს, რომ მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და  წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება წარმოდგენილი.

"2023 წლის მაისში 100 წელი სრულდება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის და სხვათა დახვრეტიდან. ისინი შეეწირნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. მრავალი წელი მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო და ძირითადად საიდუმლოდ, თაობიდან თაობას გადაეცემოდა ამ სამაგალითო გმირობის ამბავი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაკის პარკში განთავსდეს საინფორმაციო მემორიალი". - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, პროექტში საქართველოს საპატრიარქოც არის ჩართული. 

"ერთობლივი ძალისხმევით, სულ მალე გაჩნდება სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და  წევრების შესახებ ისტორიული ცნობების მიწოდება პარკის ვიზიტორებისთვის. ვავალებ ანდრია ბასილაიას, სწრაფად დაიწყეთ პროექტი და მოაწესრიგეთ აღნიშნული სივრცე. თუ საჭირო იქნება გამარტივებული შესყიდვის განხორციელება, ცენტრალური ხელისუფლება გვერდით დაგიდგებათ". - აღნიშნა კახა კალაძემ.  

კომენტარები