რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების მიწოდებას გეგმავს

WOJTEK RADWANSKI/AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდებისკენ იხრება და ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ამ კვირას გამოაცხადონ. 

თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებით, გერმანიასაც მოუწევს, გააგზავნოს Leopad-ის ტიპის ტანკები და, ამასთანავე, როგორც Leopard 2-ის მწარმოებელმა სახელმწიფომ, სხვა ქვეყნებსაც იმავეს გაკეთების ნება დართოს.

ბერლინმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ Leopard-ის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იყო იმაზე, დათანხმდებოდა თუ არა აშშ უკრაინაში Abram-ის ტანკების გაგზავნას.

გასულ კვირას გერმანიაში რამშტაინის საავიაციო ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნები და NATO-ს წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით და ვერ დაარწმუნეს გერმანია, სხვა ქვეყნებისთვის Leopard-ის მიწოდებაზე ნებართვა გაეცა. 

ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი Abrams-ის გაგზავნისთვის მზად არ არიან.

"Abrams-ის ტანკი ძალიან რთული აღჭურვილობაა. ძვირია. ძნელია მისი მართვის შესწავლა. მას აქვს რეაქტიული ძრავა". - ამბობდა პენტაგონის უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, კოლინ კალი.

ახლა ტანკებს უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კიევი ტერიტორიების დასაბრუნებლად კონტრშეტევისთვის ემზადება. პარალელურად კი რუსეთი ცდილობს ჯარების მობილიზებას.

კომენტარები