კანის მოვლა

რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი – ფაქტები და რეკომენდაციები

მზის სხივები ორგანიზმისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მათ შორის, D ვიტამინის გამომუშავებისთვის, თუმცა, გადაჭარბებული ზემოქმედება, შესაძლოა, ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის მოკლე და გრძელვადიანი დაბერება - მათ შორის, ფიტოდაბერება, ნაოჭების გაჩენა, დამწვრობა და ა.შ. 

დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება კანის მოვლის პროცესში არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაცვისთვის SPF-ის [მზისგან დამცავი ფაქტორი] გამოყენება საჭიროა არა მხოლოდ ზაფხულში, როდესაც მზეზე ვირუჯებით, არამედ სხვა სეზონებზეც, კანის მოვლის სხვა პროდუქტებთან ერთად.  

UVA და UVB

ულტრაიისფერი სხივები [UV] ორ ჯგუფად იყოფა - A და B ჯგუფებად. A ჯგუფის სხივები გრძელი ტალღის სიგრძით ხასიათდება და დედამიწამდე მისი, დაახლოებით, 95% აღწევს. B ჯგუფის სხივები კი მოკლე სიგრძისააა, რომელთა მხოლოდ 5% აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. დერმატოლოგების რეკომენდაციით, ეფექტური დაცვისთვის უმჯობესია იმ მზისგან დამცავის შერჩევა, რომელიც უმკლავდება როგორც A, ისე B ჯგუფის სხივებს. ასეთი პროდუქტების შეფუთვებზე ხშრად "ფართო სპექტრის დაცვაა" მითითებული. 

SPF 

SPF მზისგან დამცავი ფაქტორია, მას პროდუქტის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო მეტად გვიცავს პროდუქტი ულტრაიისფერი სხივებისგან. მაგალითად, SPF 15 გვიცავს B კატეგორიის სხივების 93%-სგან, როდესაც SPF 30-ის მაჩვენებელი 97%-ია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია, მინიმუმ, SPF 15-ის გამოყენება.  

რამდენად ხშირად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი? 

მზისგან დამცავი ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, ვხედავთ თუ არა მზის სხივებს. თუ ვფიქრობთ, რომ ზაფხულში სანაპიროზე პროდუქტის გამოყენება აუცილებელია, რათა დამწვრობა თავიდან ავიცილოთ, უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ მისი გამოყენება საჭიროა ზამთარშიც, მაგალითად, თხილამურებით სრიალის დროს.

რეკომენდირებულია პროდუქტის 2 საათში ერთხელ გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დამცავების ნაწილს მითითებული აქვს ინფორმაცია მისი წყალგამძლეობის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განმარტავს, რომ დამცავის თავიდან დატანა აუცილებელია ცურვის, ვარჯიშის, თამაშის შემდეგ.  

"ჩაის კოვზის წესი" 

რა რაოდენობით მზისგან დამცავი უნდა გამოვიყენოთ? იმისთვის, რო მივხვდეთ, სახესა და ყელზე რა რაოდენობის მზისგან დამცავი უნდა წავისვათ, დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ ის "ჩაის კოვზის წესის" მიხედვით გავზომოთ - საკმარისია ის რაოდენობა, რამდენიც კოვზს ავსებს. ასევე, დამცავი უნდა წავისვათ სახლიდან გასვლამდე 15-30 წუთით ადრე. 

მნიშვნელოვანი ფაქტები მზისგან დამცავზე 

საუკეთესოა ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება - მაშინ, როდესაც A ტიპის სხივები კანის დაბერებას იწვევს, B ტიპის სხივებით დამწვრობის მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ფართო სპექტრის დამცავი ორივეს აგვარიდებს. 

გამოიყენეთ მზისგან დამცავი, სულ მცირე, SPF 30-ით. იმის გათვალისწინებით, რომ, დაახლოებით, სხივების 97%-ს ბლოკავს, დერმატოლოგთა დიდი ნაწილი SPF 30-ის ან მეტის გამოყენებას გვირჩევს. 

არცერთი მზისგან დამცავი არ არის მთელი დღის განმავლობაში წყალგამძლე. თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომელიც სხივებისგან წყალში 40 ან 80 წუთამდე ყოფნის პერიოდში გვიცავს.  

მზისგან დამცავი უნდა გამოიყენოს ყველა ადამიანმა, განურჩევლად კანის ფერისა. მიუხედავად ამისა, დამცავის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ღია ფერის კანი აქვს. ამერიკის პედიატრიის აკადემია არ გასცემს 6-თვემდე ჩვილებში მზისგან დამცავის გამოყენების რეკომენდაციას - ნაცვლად ამისა, მშობლებს ურჩევენ, შეურჩიონ მათ შესაბამისი ტანსაცმელი და ჰყავდეთ ჩრდილში.  

როგორ გავხადოთ მზისგან დამცავის 2 საათში ერთხელ განახლება კომფორტული? 

მზისგან დამცავი საშუალებები მრავალგვარია. არსებობს მრავალი დამატენიანებელი SPF-ით - ეს იმას ნიშნავს, რომ დილით, სახის დაბანის შემდეგ, დასატენიანებლად და მზისგან დასაცავად ორი პროდუქტის გამოყენება აღარ გვიწევს, ორივე ერთშია გაერთიანებული. 

საკუთარ თავზე მორგებული მზისგან დამცავი საშუალების შერჩევა ყველა, ცხიმიანი, მშრალი და კომბინირებული ტიპის კანის მქონე ადამიანს შეუძლია. მომხმარებელთა ნაწილი გამოთქვამს წუხილს, რომ მზისგან დამცავი მათ კანს მეტად აცხიმიანებს და თეთრ ლაქებს ტოვებს - ეს ნიშნავს იმას, რომ მათ პროდუქტი საკუთარი კანის ტიპის მიხედვით არ აქვთ შერჩეული. 

ადამიანების დიდი ნაწილისთვის მზისგან დამცავის დღეში რამდენჯერმე განახლება არაკომფორტულია გასაგები მიზეზის გამო - კრემს ტონალურის, BB ან CC კრემის ზემოდან ვეღარ წაისვამ. სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად არის შექმნილი მზისგან დამცავი სპრეი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროს, დისკომფორტის გარეშე შეიძლება. 

კომენტარები