კანის მოვლა

როგორ მოვუაროთ გაღიზიანებულ კანს?

invitehealthblog.com

სახის კანი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ორგანოა. შესაძლოა, ჯანსაღი და სუფთა კანი, მოულოდნელად და გაურკვეველი მიზეზით, გაგვიწითლდეს და გაგვიღიზიანდეს. დერმატოლოგებს ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა აქვთ.

რა იწვევს კანის გაღიზიანებას?

კანს შესაძლოა ბევრი სხვადასხვა ფაქტორი აღიზიანებდეს. დერმატოლოგების თანახმად, მათგან ყველაზე გავრცელებულია:

  • არასწორად შერჩეული პროდუქცია - მაგალითად, ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალფა ან ბეტა ჰიდროქსიმჟავებს და ბენზოილ პეროქსიდს. ხშირად, ეს ნივთიერებები გამონაყარის წინააღმდეგ გამოიყენება, მაგრამ მგრძნობიარე კანისთვის შესაძლოა გამაღიზიანებელი და საზიანო იყოს.
  • ხშირი და ინტენსიური ექსფოლიაცია (გახეხვა)  - ექსფოლიაციისთვის გამოყენებული ბევრი პროდუქტი (სქრაბი) უხეშ ნაწილაკებს შეიცავს, რომელმაც შესაძლოა კანი დააზიანოს, გამოიწვიოს ქავილი, სიმშრალე და სიწითლე.
  • სიცივე - დერმატოლოგების თანახმად, ტემპერატურის კლებასთან ერთად, ჩვენი კანი უფრო მგრძნობიარე ხდება. ზამთარში კანი განსაკუთრებულ მოვლას და დატენიანებას საჭიროებს.

რა პროდუქციის და ინგრედიენტების გამოყენება არის სასურველი?

არსებობს ბევრი პროდუქტი და ნივთიერება, რომელსაც გაღიზიანებული კანის დამშვიდება შეუძლია:

  • ალოე -  ალოეს შემცველი პროდუქცია ატენიანებს და ამშვიდებს კანს
  • კოლოიდური შვრია - დერმატოლოგების თანახმად ის ამშვიდებს კანს, ამცირებს ქავილს და სიწითლეს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
  • ჟოჟობას და ზეითუნის ზეთები -  ორივე ზეთს დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს, შეიცავს ანტიოქსიდანტებს და , ხშირად, კანის დაბერების საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.
  • სოია - შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც აღადგენენ კანის ბარიერულ ფუნქციას და ტენიანობას.

რა თქმა უნდა, არსებობს ნივთიერებები და პროდუქცია, რომელიც მხოლოდ პროფესიონალის რჩევით გამოიყენება. ასეთი პროდუქტები ყველა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს და მათ გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია დერმატოლოგთან.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანის გაღიზიანება

  • არასდროს დაიბანოთ სახე სოდით - დაბანის და ექსფოლიაციის ეს მეთოდი საკმაოდ გავრცელებულია, მაგრამ დერმატოლოგები გვარწმუნებენ, რომ სოდის დაბალი pH დონე კანს ბუნებრივ ტენიანობას აკარგვინებს.
  • არ დაიბანოთ სახე ზედმეტად ხშირად - ჯანსაღი კანისთვის საჭიროა ბუნებრივი ზეთების ბალანსის შენარჩუნება
  • ყოველთვის მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ - წინააღმდეგ შემთხვევაში კანის ფორები დახშულია, რამაც შესაძლოა გამონაყარი და გაღიზიანება გამოიწვიოს.
  • არ გამოიყენოთ ლიმნის წვენი - მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მას აკნეს საწინააღმდეგოდ იყენებს, ლიმნის წვენი სიმშრალესა და გაღიზიანებას იწვევს.
  • არ გამოიყენოთ ბევრი სხვადასხვა პროდუქტი ერთდროულად - ეფექტური მკურნალობისთვის, საჭიროა იცოდეთ, როგორ რეაგირებს თქვენი კანი თითოეულ ინგრედიენტზე.

 

კომენტარები