აბორტის უფლება აშშ-ში

ვაშინგტონში აბორტის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

20 იანვარს, ვაშინგტონში ათასობით ადამიანი აბორტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.  მას შემდეგ, რაც 1973 წელს საქმეში Roe Vs Wade უზენაესმა სასამართლომ აბორტი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მე-14 შესწორებით დაცულ უფლებად ცნო, ვაშინგტონში ყოველწლიურად “სიცოცხლის მარში” იმართება.

50 წლის შემდეგ, 2022 წლის 24 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა. ადამიანთა ნაწილი ვაშინგტონში სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსანიშნავად შეიკრიბა, თუმცა უზენაეს სასამართლოსთან ცალკე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას აბორტის მომხრე აქტივისტები იღებდნენ. 

"ძალიან დიდი მღელვარებაა. არსებობს ისეთი შეგრძნება, რომ Roe Vs Wade-ის გაუქმება აბორტისგან თავისუფალ მომავლამდე მიგვიყვანს". – თქვა კრისტან ჰოკინსმა, ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი აბორტის საწინააღმდეგო ორგანიზაციის წევრმა. 

ამ მოსაზრების საპირისპიროდ, 18 წლის სავანა ჰაგემ თქვა, რომ მისი აზრით, აბორტი  არის რესურსი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. "როდესაც პირველად შევიტყვე სექსუალური განათლების შესახებ, აბორტი იყო არჩევანი, რომელიც გვქონდა და ამ უფლების წართმევა ნამდვილად საშინელებაა." - თქვა მან.  

უზენაესმა სასამართლომ, 6 მომხრე - 3 წინააღმდეგი,  Roe Vs Wade-ის ისტორიული გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატებში აბორტზე ხელმისაწვდომობა ნაყოფის დამოუკიდებელ სიცოცხლისუნარიანობამდე კონსტიტუციური უფლება იყო. შესაბამისად, ყველა შტატი ვალდებული იყო, რომ აბორტი ლეგალურად ეღიარებინა.  

მიღებული გადაწყვეტილებით, უკვე თითოეულ შტატს აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, თუ რა შეზღუდვებს დააწესებს აბორტის პროცედურასთან დაკავშირებით. 

კომენტარები