მარდალეიშვილის კლინიკა

"კოლექტივი გადაღლილი იყო" – თბილისში ოპერაციისას ქალს მუცლის ღრუში მაკრატელი ჩაუტოვეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

მარდალეიშვილის კლინიკაში განმეორებითი ოპერაცია ჩაუტარდა ქალს, რომელსაც ექიმებმა 3 თვის წინ ოპერაციისას მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს. 

"მაკრატელია ადამიანის ორგანიზმში დატოვებული. ექიმების შეცდომა არის ეს. რენტგენი გადაუღეს და ნახეს, რომ მაკრატელია შიგნით. პატარა შეცდომა არ არის, ტელევიზორში მინახავს ასეთი რაღაც. მილიონში ერთხელ [ხდება] და ესეც მე მომივიდა და ჩემს ოჯახს". - ამბობს ქალის ქმარი, ხაია ლაშრალოვი იმედთან ინტერვიუში.  

თავდაპირველად ოპერაცია მარდალეიშვილის კლინიკის თბილისის ფილიალში ჩატარდა. მაკრატელი მუცლის ღრუდან ქალს კლინიკის რუსთავის ფილიალში ამოუღეს. როგორც მარდალეიშვილის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ლოლაძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია. ლოლაშვილის სიტყვებით, ფაქტს გამართლება არ აქვს, თუმცა, მისივე თქმით, თბილისში ოპერაცია 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა და მომხდარის მიზეზი კოლექტივის გადაღლილობაა. 

"ძალიან ცუდი ფაქტია. გამართლება არაფერი არ აქვს [...] ათასში ერთი - დაახლოებით, ასეთი სტატისტიკით ხდება ეს. ახლა მამშვიდებს ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ნორმალურია და, იმედია, მალე გავწერთ ბინაზე. 

რა თქმა უნდა, ვინც დასასჯელია, დაისჯება. აქ არ არის ერთი ადამიანის შეცდომა, ეს არის მთელი ბრიგადის, ვინც მონაწილოებდა ოპერაციაში - დაწყებული ექთნიდან, ოპერატორით დამთავრებული. კოლექტიური შეცდომაა. გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ 9 საათზე მეტხანს გრძელდებოდა ოპერაცია და გადაღლილი იყო კოლექტივი, ახლა რომ შევისწავლეთ ეს საკითხი, ყველაზე მეტად ასეთი დიდი ოპერაციების დროს ხდება ასეთი შეცდომები". - ამბობს ის იმედთან სატელეფონო ინტერვიუში. 

კომენტარები