საქართველო-რუსეთი

პრეზიდენტი: უნდა იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, გვჭირდება რეგულაციები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Facebook გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ არ მიესალმება რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენას.

ზურაბიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყანა უკრაინას მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებას, მისთვის მთავრობის პოზიცია "რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია".

"ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს.

ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ "გამოაგდებს", როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.

ამის დაშვება დაუშვებელია!

ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია.

გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში.

ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!

ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!". - წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ხალხთა შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. მითხრეს, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად, რუსეთის ფედერაციასთან ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების წყალობით. ვიმედოვნებ, მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას". – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ლიდერებიც და აღნიშნეს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. 

კომენტარები